„ქართულ ოცნებასთან პროგრესი არ ასოცირდება“, - ამის შესახებ განცხადებას დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ აკეთებს.
მისი განცხადებით, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტის წინ აქციაზე დგანან „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ ახსოვთ და არ ეთაკილებათ მათ გვერდზე დადგომა.
დამოუკიდებელი დეპუტატი აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ევროპულ საქართველოსთან“ მას ფუნდამენტური განსხვავებები აქვს.
„მე ვლაპარაკობ პროგრესულობაზე და პროგრესზე. ახალგაზრდები რა მოტივაციით არიან გამოსულები ამას მნიშვნელობა არ აქვს. პრობლემა ის არის, რომ „ქართულ ოცნებასთან“ პროგრესი არ ასოცირდება. ეს არის პრობლემა, რომ ახალგაზრდები თავიანთ თავს, ამ პოლიტიკურ ძალასთან ვეღარ პოულობენ. „ნაციონალური მოძრაობაც“ აღარ ახსოვთ იმიტომ, რომ პატარები იყვნენ და არ ეთაკილებათ რა თქმა უნდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დადგომა. ის თაობა აღარ არის, რომელთაც ახსოვთ რა ხდებოდა 2012 წლამდე. მე ძალიან კარგად მახსოვს „ნაციონალური მოძრაობა“. ფუნდამენტური განსხვავებები მაქვს მე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ევროპულ საქართველოსთან“ დაკავშირებით“,- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.